იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძესთან ინტერვიუ, სადაც მოსამართლე დეტალურად საუბრობს წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და მართლმსაჯულებაში ჩარევის ფაქტებზე.  მის მიერ აღწერილი ფაქტები ეხება არა მხოლოდ ქართული ოცნების არამედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს. ვიდეოჩანაწერში, რომელიც ორსაათნახევარი გრძელდება მოსამართლე ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, დოკუმენტებს, შეხვედრებს, მოწმეებს, სატელეფონო ზარებს. გავრცელებული ჩანაწერი შეიცავს სხვადასხვა დანაშაულთა ნიშნებს, მათ შორის.

ქრთამის შეთავაზება (სსკ. 339-ე მუხლი)

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ. 332-ე მუხლი) 

თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ. 143-ე მუხლი) 

მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა (სსკ. 364-ე მუხლი) 

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა (სსკ. 365-ე მუხლი)

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ხოლო ამავე კოდექსის 101-ე მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 28 ოქტომბერს შეტანილი იქნა განცხადება  გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ვიდეო ინტერვიუზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იურისტების ჯგუფი მოუწოდებს პროკურატურას, რომ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს და ჯეროვნად წარმართოს გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის ფაქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ იურისტები - კახა წიქარიშვილი, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, უჩა ნანუაშვილი, ირმა კაკიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია, ლევან თოთლაძე, ბესიკ ლოლაძე, მარი ჯაფარიძე და მარიამ ჩხეიძე.