ჩვენ ვიცით, რა არის თავისუფალი სამყაროს საჯარო პოზიცია, ივანიშვილის რეჟიმის კურსი კი არის თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება საქართველოს მტრის, რუსეთის სასარგებლოდ, - ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე არის რუსეთის გეგმა, რომლითაც სხვა პრობლემების გადაფარვა სურთ.

"მე ჩვენი პარტნიორების ნაცვლად არასდროს არ ვსაუბრობ. ჩვენ ვიცით, რა არის თავისუფალი სამყაროს საჯარო პოზიცია. ივანიშვილის რეჟიმის კურსი არის თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება საქართველოს მტრის, რუსეთის სასარგებლოდ. ეს არის მათი გზავნილი, ჩვენი კი არის ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ეს არ არის პარტიების ამბავი, ეს არის ის, რომ ამ ნაბიჯით რეჟიმს უნდა, რომ ძალა აჩვენოს და საქართველოს მომავლის ხარჯზე გააგრძელოს საკუთარი ინტერესების შენარჩუნება ჩვენი მტრების სასარგებლოდ. მათი გზავნილი ე.წ. დალაგებაზე რუსეთთან არის არა მშვიდობისკენ სვლა, არამედ სისხლისღვრისკენ და ამის გადასაფარადაა, რასაც პარტიებზე აკეთებს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. ისინი ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის საელჩოში რამდენიმე ელჩს შეხვდნენ. საუბრის თემა კი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.