ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემ წინააღმდეგ. ეს კაცი საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლით და დაჭერებით, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, ამიტომ, მე ღიად მინდა გამოვუცხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს მხარდაჭერა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა გუშინდელ საუბარში ორი რამ განაცხადა - ერთი, რომ ის თავისი ფულის დაცვისთვის ყველაფერს აკეთებდა და მეორე, რომ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ომისგან დასაცავად.

"ეს არის ის გასაოცარი დემოკრატია, რომელზეც ივანიშვილი გუშინ გველაპარაკებოდა. ახლა თავისუფალი გარემო გვაქვსო ამბობს მაშინ, როცა "რუსთავი 2", "იმედი", "პოს ტვ" და კიდევ რამდენიმე ტელევიზია მის ფაქტობრივ მფლობელობაში  იმყოფება და ჰყავთ ვითომ არაფორმალური მფლობელები. 

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რაც საპატიო თავმჯდომარემ ისაუბრა. პირველი გავიგეთ ის, რომ ივანიშვილმა თვითონ თქვა ღიად, რომ თავისი მილიარდების დასაცავად ის ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით. ამას ჩვენ ვხედავდით, იმიტომ, რომ რიგში დააყენა პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც ალაპარაკებდა თავისი ფულის დასაცავად და არაფერი, რომ არ გამოუვიდა, გამოვიდა თვითონ და წერილი მიუძღვნა შვეიცარიულ ბანკს, აშშ-ს და ასე შემდეგ. 

მეორე, რაც გვითხრა - ამ ყველაფერს ვაკეთებ იმის გამო, რომ ქვეყანა დავიცვა ომისგანო. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, ისეთ იზოლაციაში, რომ მოახერხა და გადაიმტერა აშშ, ევროკავშირი და საბოლოოდ, სამასხარაო გაგვხადა ქართველები კოკოითის, ეს ადამიანი ამის შემდგომ გადმოვიდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე. ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემ წინააღმდეგ. მაგრამ ეს კაცი საჯაროდ გამოვიდა და იმუქრება სისხლის სამართლით და დაჭერებით, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, ამიტომ, მე ღიად მინდა გამოვუცხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს მხარდაჭერა გამოვუცხადო და ვუთხრა, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში ყველას ეჭვი ეპარება, ეს ადამიანი არა თუ არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის, არამედ თვითონ ეტყობა როგორი გონივრულობის მიღმაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს გასამართლებით დაემუქრა. მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დაუმტკიცებენ, "რას და რატომ აკეთებდა", მის თანაგუნდელებს კი გასამართლება მოუწევთ "ამ გარეწართან რომ დგანან".