გეშინიათ მარცხის, არჩევნებში წაგების გეშინიათ. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ ათას ტყუილს და სიგიჟეს. ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპისა და კეთილდღეობის მხარეს და არა იზოლაციის, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, არჩევნებში წაგების გეშინიათ. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ ათას ტყუილს და სიგიჟეს. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის - კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი - სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე ხალხი უარს გეუბნებათ. 

გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერა ამ არჩევნებზე 20%-ზე მეტი არ იქნება. თქვენ მარცხდებით ირაკლი! კარგად გაიაზრეთ, მარცხდებით და ნუ გეშინიათ. თუ მაგრები ხართ, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს.

ყოველ კვირას რაღაც ახალ ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ. აი, ეს არის თქვენი ხელწერა, აი, ეს არის რეალობა. ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპისა და კეთილდღეობის მხარეს და არა იზოლაციის, მარტო დარჩენისა და სიღატაკის მხარეს, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვინ ხართ თქვენ.

თქვენ ხართ სიღატაკის პარტია, თქვენ ხართ იზოლაციისა და დაპირისპირების პარტია. ხალხს უნდა გაერთიანება, წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ არის, რომ მარცხდებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.