ჩვენ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში, ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია.

"ნება მომეცით, ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. 4 დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. კვირას, თბილისში ვნახე უამრავი ევროკავშირის დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის და სიხარულის დღე, უამრავი ახალგაზრდა იყო, თქვენი შვილები. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იცხოვრონ, იმუშაონ ლამაზ საქართველოში.

როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად არის გაუარესებული. საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი - სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ რა ხდება მოლდოვაში. ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს.

ევროკავშირი არის წარმატების ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარების გარანტია ყველასთვის და არა იმ მდიდარი ადამიანებისთვის, რომლებიც ლიმუზინებით დადიან. შეხედეთ ჩემს ქვეყანას, რომელიც 30 წლის წინ ბანკნოტი იყო, ახლა წარმატების მაგალითია ევროკავშირის წყალობით. მე იმედი მაქვს საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ეს თქვენს ხელშია. ჩვენ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში, ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს ქვეყანა სხვა არავისია, ეს ქვეყანა თქვენია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.