საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI)  გამოაცხადა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში ჩამოვიდნენ, რაც IRI-ის მიმდინარე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ნაწილია. 

“საქართველოსთვის, მისი დემოკრატიის, ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისთვის  რისკები იმაზე მაღალი, რაც ახლაა, ვერ იქნება", - აცხადებს ჯონ შიმკუსი, ყოფილი კონგრესმენი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან.

მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.  

28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს. ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის  მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები.  

მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის  მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების  ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო  საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

"მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის  შესაძლებლობებს, დაკვირდეს ამ მნიშვნელოვან არჩევნების საკვანძო ეტაპებს.

არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებზე განსაკუთრებული  ყურადღების გამახვილებით, ჩვენი მისია შეძლებს უფრო სრულყოფილად შეაფასოს  საარჩევნო პროცესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. 
საქართველოსთვის, მისი დემოკრატიის, ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისთვის  რისკები იმაზე მაღალი, რაც ახლაა, ვერ იქნება", - განაცხადა ჯონ შიმკუსმა.

"ქვეყნის დემოკრატიული სიმტკიცე გადამწყვეტია ევროინტეგრაციის პროცესის  წარმატებით გაგრძელებისთვის. ჩვენი სადამკვირვებლო  მისია დაგვეხმარება არჩევნების დღის პროცესებისა და საქართველოს მიერ დემოკრატიული ნორმების დაცვის შეფასებაში, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, - განაცხადა სედერფელდმა.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ამ არჩევნებზე მთავარი საკითხია.  ჩვენ მოუთმენლად ველით არჩევნების დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო  პროცესი ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომლის უმრავლესობას, IRI-ის  გამოკითხვების მიხედვით, სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი", - აღნიშნა თვაინინგმა.  

"საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ჩაატაროს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური  არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული  ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში. 

არჩევნების დღის შემდეგ მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში. 
მისიის ყველა აქტივობა მიუკერძოებელი და არაპარტიულია და საარჩევნო პროცესში  ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. 

IRI-მ მსოფლიოში 250 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩაატარა, რომლებიც აღიარებულია მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. მისია შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 2005 წელს. 

აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ასევე ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში", - აღნიშნულია IRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.