"შევხვდეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, ხელი ჩამოვართვათ, ვისაუბროთ, ყველამ, ვისთვისაც ჯერ საქართველოა!
ვინც თვლის, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა!" - ამ სიტყვებით დაიწყო ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლების პირველი შეხვედრა თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  სასურველ ცვლილებებს რეალური შინაარსი ქმნის, ხოლო ეს შინაარსი ისეთ პრინციპებზე შეთანხმებას ეფუძნება, სადაც:

სამოქალაქო ნაციონალიზმი, სახელმწიფო - საზოგადოებრივი ურთიერთობების განმსაზღვრელია;

საქართველოს მოქალაქე და მაშასადამე ქართველი - პოლიტიკური გაგების მქონეა;

ერი - სახელმწიფოა საქართველო და თითოეული ქართველი - მისი მესაკუთრეა;

ქართული ერი - სახელმწიფოს ფორმირება და განვითარება უწინარესად და უმთავრესად - ქართული აზრის შედეგად ხდება, ხოლო ამ აზრის მზიდი საყრდენებია პოლიტიკური კონსენსუსი, საერთო ნება და კონსტიტუცია;

პოლიტიკის ქმნა აზროვნების ძალას და მაშასადამე, მოაზროვნე სახელმწიფოს ნაყოფი და მისი ბუნებრივი გაგრძელებაა;

იყო ქრისტიანული კულტურის, ნიშნავს იყო დასავლური ცივილიზაციის ორგანული სხეული.