სიტყვები არ გვყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად იმ დახმარებისთვის, რაც ჩვენ თქვენგან მივიღეთ, მიღებული თანხებით ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს, რათა გავახაროთ ჩვენი ბავშვები და შევამსუბუქოთ მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.

"ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და უცნობო ადამიანებო, სიტყვები არ გვყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად იმ დახმარებისთვის, რაც ჩვენ თქვენგან მივიღეთ.

იმ დროს, როდესაც ჩვენი შვილების ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება და ხელისუფლება იშველიებს სხვადასხვა არგუმენტებს, რომ ქვეყანაში არ შემოიტანოს მათი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პრეპარატები, ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა მივიღეთ საზოგადოებისგან.

თქვენი მხარდაჭერით ილიაუნის სტუდენტებმა მარათონის ფარგლებში ჩვენთვის შეგროვეს მილიონ სამასი ათასი ლარი, ხოლო გიორგი კალატოზიშვილმა საქართველოს ბანკის პლიუს ქულების მეშვეობით შეაგროვა 120 000 ლარზე მეტი, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ასევე თანხებს რიცხავს უამრავი კომპანია, ბიზნესმენი, კერძო პირი. ეს კამპანია დღესაც გრძელდება. ამით მტკიცდება, რომ ჩვენ დროში კვლავ არის შესაძლებელი მოხდეს ის სასწაული, რომლის არსებობის ჩვენ უკვე აღარ გვჯეროდა.

მიღებული თანხებით ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს, რათა გავახაროთ ჩვენი ბავშვები და შევამსუბუქოთ მათი მდგომარეობა.

თუმცა,  მთავარი ამოცანა ისევ და ისევ წამლების მიღებაა. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ 24-საათიან პროტესტს და ქუჩის სხვა აქციებს და ვითხოვთ სახელმწიფოსგან დიუშენის საწინააღმდეგო თანამედროვე წამლების შემოტანას. სამწუხაროდ, დრო ჩვენი შვილების სასარგებლოდ არ მოქმედებს.

ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით, ხვალ კვირას 24 მაისს  რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება დიუშენის მარში. გამომდინარე იქიდან რომ 18 საათზე იმავე ადგილას სხვა ღონისძიება არის დაგეგმილი დიუშენის მარში გაიმართება საათ-ნახევრის დაგვიანებით ანუ 19:30 საათზე.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავიწყეთ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება. პეტიციის ლინკს ნახავთ საიტზე https://www.manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894/mietsit-tsamali-bavshvebs

ჩვენ ასევე ვიწყებთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებას. მსურველებს შეგიძლიათ მოხვიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოაწეროთ ხელი შესაბამის განცხადებაზე. ან თავად ამობეჭდოთ ფორმა https://shorturl.at/clLuD  შეავსებინოთ ადამიანებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 

ვისაც გაქვთ სურვილი რომ დახმარება გაგვიწიოთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებაში გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ლინკზე https://forms.gle/2TWQP9krwAM8PWmz6

ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. სოლიდარობა გადაგვარჩენს!" - აღნიშნულია განცხადებაში.