ახალი ტექნოლოგიით, იმ აპარატით ხმის მიცემა იქნება უსაფრთხო იმ კუთხით, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მან ელექტრონული არჩევნების რისკებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქე, ამომრჩეველი მზად უნდა იყოს საარჩევნო უბანზე არსებული შესაძლო რიგებისთვის.

"ახალი ტექნოლოგიით, იმ აპარატით ხმის მიცემა იქნება უსაფრთხო იმ კუთხით, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთ-ერთი რისკი, რაც შეიძლება არჩევნების დღეს არსებობდეს, არის რიგების საკითხი, ვინაიდან, წინა არჩევნებთან შედარებით ხმის მიმცემთა რიცხვი გაიზარდა. ეს რაოდენობა გარკვეულ კითხვებს ბადებს, რამდენად შეძლებს საარჩევნო უბანი, რომ გაატაროს ამდენი ამომრჩეველი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს რიგში დგომა არ დაეზაროს, მას ეს აუცილებლად მოუწევს.

ერთი ხმის მნიშვნელობას რაც შეეხება, ამის მაგალითია მოლდოვა. ჩვენს შემთხვევაში, ერთი ხმა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ შეიძლება ამ ერთმა ხმამ გადაწონოს კონკრეტული პარტიის ბედი - ბარიერს გადალახავს თუ ვერ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აქტივობა იყოს ძალიან მაღალი", - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.