მე არ ვეთანხებოდი არც შეუტყობინებლობას და არც ამ ბრალს, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, თუ საჭირო გახდება, ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული გიორგი მალანიას მამამ და ყოფილმა მაღალჩინოსანმა მერაბ მალანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ახლა ხდება არის უსამართლობა.

"მე შეგნებულად არ ვაკეთებდი განცხადებას აქამდე, ვინაიდან მიმდინარეობდა გამოძიება. მე, რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებ იმ პასუხისმგებლობას, რაც, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ყოფილ პოლიციელს მაკისრია. ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. 

რაც შეეხება დღევანდელ დღეს - ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. მე არ ვეთანხებოდი არც შეუტყობინებლობას და არც ამ ბრალს, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, თუ საჭირო გახდება, ქვეყნის გარეთაც.

ჩემს შვილს დაურეკა ადამიანმა, რომელიც არ უნახავს და უთხრა, რომ მის შეყვარებულს, ანუ ჩემი შვილის მეგობარს, მასწავლებელი არასათანადოდ ექცევა და დაველაპარაკოთო, თავდასხმაზე არ იყო საუბარი.

ბევრმა თქვა, რომ თითქოს ფაშისტური დაჯგუფების წევრი, ხან ქუჩის ბანდის წევრიო. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ სულ ვიცოდი სად იყო. მასწავლებელთანაც კი მე მიმყავდა, მერე ისე აღმოჩნდა თურმე, რომ მეც ვიღებდი საქმის დაგეგმვაში მონაწილეობას, რომ დამყავდა ყველგან მაგის გამო.

დღეს გადმოგვეცა საქმის მასალები, ამიტომ გავეცნობი, რა წერია", - განაცხადა მერაბ მალანიამ. 

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა. გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.