ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს თინა ბოკუჩავას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.

"ქალები პოლიტიკური პარტიებიდან ერთხმად გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თინა ბოკუჩავას მიმართ - ქალის, დედის, პოლიტიკოსისა და პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გახდა პოლიტიკური ძალადობის და მის ოჯახზე განხორციელებული მორალური ტერორის პირდაპირი სამიზნე.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში. მეთოდები, რომლითაც ებრძვიან ქალ პოლიტიკოსებს, არის სრულიად მიუღებელი, დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი. რეჟიმის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ გამაოგნებელ მასშტაბს იძენს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენც გვინდა ხმამაღლა და გარკვევით ვთქვათ:

არ გვეშინია!

არ გავჩუმდებით და ვიბრძოლებთ ძალადობრივი და მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 100-მდე პოლიტიკოსი ქალი აწერს ხელს.

კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას დღეს განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.