რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და "ქართული ოცნების" შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია, - მის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი თამთა მიქელაძე წერს.

მისი თქმით, ეს გვერდი საპატრიარქოში მეუფე შიო მუჯირის ფრთას წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად.

"გუშინ ყველამ ნახეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა " ქართული ოცნების"  პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.

თუ კარგად დავაკვირდებით, უშუალოდ საპატრიარქოს ვებგვერდზე და ფბ-გვერდზე არ დევს ამ შინაარსის განცხადება. 

სინამდვილეში ეს გვერდი საპატრიარქოში მეუფე შიო მუჯირის ფრთას წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).

პატრიარქს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო მინიმუმ 2014 წლის შემდეგ.

ამიტომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და "ქართული ოცნების" შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია", - წერს თამთა მიქელაძე.

საპატრიარქოს განცხადებით, "ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს" .