ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!, - ამის შესახებ საქართველოს მოსამართლეების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგული ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია! განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მოსამართლეები: ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ვლადიმერ ხუჭუა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური, ლელა ნოზაძე.