მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებების სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და დარღვევების, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ცნობების საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ, ცნობების, რამაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ასევე იმ პირების დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს იყენებენ, მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ", - აღნიშნულია განცხადებაში.