ქვეყანაში სამართალი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომ, მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ერთი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

“ქვეყანაში სამართალი, ფაქტობრივად, არ არსებობს. არასამართლიანი სასამართლო კი არ არსებობს, არამედ ზოგადად, სასამართლო არ არსებობს. ამიტომ, მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია. ერთი რამ ნათლად გამოჩნდა - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ერთი კაცის ნება-სურვილზეა, ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. ეს შენობა არის არა სასამართლო, არამედ ივანიშვილის კანტორა. დღეს ლევან ხაბეიშვილს რამდენს მიუსჯიან, ამას არც ჩვენთვის და არც ლევანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. დღევანდელი სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.