მოლაპარაკების შემოთავაზება მივიღეთ ჩვენ პარლამენტის შიგნიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან და როცა ველოდებოდით შესვლას, მაშინ ატყდა რეზინის ტყვიების სროლა და სასტიკი დარბევა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ 20 ივნისზე უფრო მეტი ესაუბრა გიორგი გახარიას.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის საპარლამენტო ბოიკოტის შენარჩუნება. რა მდგომარეობაში ყოფილან ეს ბატონები, როდესაც ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ერთად ყოფნა უწევდათ და ქაოსი ჰქონდათ, ჰქონდათ შიდა დაპირისპირება. ამ დროს საპარლამენტო ბოიკოტი იყო სახეზე, შემდეგ მოუვიდათ უდიდესი შეცდომა და მოხდა ჩემი დაკავება, გაუღრმავდათ კრიზისი და როცა ახლოს იყო "ქართული ოცნება", რომ ჩანიშნულიყო ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები რიგი პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში. დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან.

ირიბად, მაგრამ გახარიამ თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით უჩინარი ხელი ამუშავებდა პროცესებს და ეს ნამდვილად ასე იყო. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ გაცილებით მეტი ეთქვა გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, მით უმეტეს, შემოთავაზება მივიღეთ ჩვენ პარლამენტის შიგნიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან და როცა ველოდებოდით შესვლას, მაშინ ატყდა რეზინის ტყვიების სროლა და სასტიკი დარბევა. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, გახარიამ პირადად თქვა, რომ ივანიშვილი კურირებდა და ეტყობოდა ძალიან ბევრ რამეს. მას ჩემზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა, რა იგეგმებოდა. იყო დაპირისპირება გახარიას გუნდსა და კობახიძის ფლანგს შორის, როგორც ჩანს, გახარიამ გადადგომით თავი დაიზღვია", - განაცხადა ნიკა მელიამ.