ამერიკა და ევროპა არის სიმართლისა და საქართველოს გაძლიერების გზა, იქით კი  არის რუსული ჭაობი, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა "ქართული ოცნება" პარტნიორებს მტრად აღიქვამს, მათგანაც შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

"შენ თუ ამ კანონით მტრად აღიქვამ პარტნიორებს და უწესებ განსაკუთრებულ წესებს, მაშინ ისინიც, თავის მხრივ, სარკისებურად გიწესებენ წესებს. შენ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწესებ წესებს და შეზღუდვებს, მეგობარს არ ენდობი და მტრად აცხადებ, ისიც სარკისებურად გეუბნება, მაშინ შენ რად გინდა ვიზა ამერიკაში, იარე რუსეთში. 

არჩევნების შეფასებაზე გავლენას მოახდენს, არჩევნების ჩატარების რეალობა რაც იქნება. ამერიკას განსაზღვრული აქვს ქვეყანაში გრძელვადიანი მისიების შემოყვანა, რა შედეგიც იქნება, იმას იტყვის. იმის გამო, რომ შენ რუსული კანონი მიიღე, თუ დარღვევები არ იქნება, არავინ არჩევნებს არალეგიტიმურად არ გამოაცხადებს. მართალია, რომ ამერიკა და ევროპა არის სიმართლისა და საქართველოს გაძლიერების გზა, იქით კი არის რუსული ჭაობი.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვიწროპარტიულად უყურებენ ამას და თუ ახლა თავისი პარტიის ნომერი არ დაწერა და თავისი პარტიის ფერი არ გამოაქვეყნა, ჰგონია, რომ ქვეყანა ამით ვერ განვითარდება", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.