პროკურატურის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მადლიერი ვიქნებოდი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რადგან მათ ამ საქმის გამოძიებას ძალიან გავუადვილებთ, იმდენად ბევრი მტკიცებულება გვაქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანი გამოძიების იმედი არ არსებობს.

"პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის, რომ პროკურატურას დავეხმაროთ ეს საქმე გამოიძიონ, პროკურატურის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მადლიერი ვიქნებოდი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რადგან მათ ამ საქმის გამოძიებას ძალიან გავუადვილებთ, იმდენად ბევრი მტკიცებულება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ, მაგალითად, გუშინ ცესკომ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა, კანონის საწინააღმდეგოდ თავად დაადგინა პრეზიდენტის არჩევის ვადები, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ეს კონსტიტუციური და კანონისმიერი ჩარჩოებიდან გასვლაა, ამიტომ ასეთ დროს, როცა სრული თვითნებობაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე იკითხება.