უკრაინის მოკავშირეები ახლა მას საკმაოდ დროულად აწვდიან იარაღს, საჭიროა ახალი ბიძგი მოწოდებაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ მას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მოახსენა. საღამოს მასთან კიდევ ერთი საუბარი იქნება.

მისივე თქმით, გენერლის მოხსენება ეხებოდა პოკროვსკის და კურახოვოს მიმართულებებზე არსებულ ვითარებას, ასევე კურსკის ოპერაციის გაგრძელებას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა აფასებს, რომ პარტნიორები ახლა ახორციელებენ დაპირებულ მხარდაჭერის პაკეტებს და ეს ხდება საკმაოდ დროულად.

"და მნიშვნელოვანია, რომ გამოცხადებული მოცულობები შეესაბამებოდეს ჩვენს შეთანხმებებს და ობიექტურ საჭიროებებს, ჩვენ გვჭირდება ახალი ბიძგი თავდაცვისთვის და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი დეკემბერში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო პერიოდში დაიწყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების აქტიური გადაცემა. ეს იმიტომ ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა იწურება, ამიტომ ისინი გეგმავენ გამოიყენონ ყველა ის თანხა, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინის დასახმარებლად გამოიყო.

პენტაგონმა უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი 20 ნოემბერს გადასცა, რომელიც 275 მილიონი დოლარის იარაღს მოიცავდა. ამის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების ზრდა გაგრძელდება.