საქართველოში უზარმაზარი მოცულობის შავი ფული შემოდის, სახელმწიფო რესურსები იძარცვება და კორუფციამ სრულიად სხვა მასშტაბებს მიაღწია, რის ფონზეც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები კორუფციასთან ბრძოლად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა "პირველებთან" ისაუბრა.

მისი შეფასებით, რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელისუფლების შიგნით მიმდინარე ანგარიშსწორების ნაწილია და არა ანტიკორუფციული პოლიტიკის შედეგი. ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური მექანიზმები არ ამოქმედებულა, ხოლო პასუხისმგებლობას ის ყოფილი მაღალჩინოსნები აღწევენ თავს, რომლებიც მათზე მაღლა მდგომი პირების წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ.

"ეს არის პირადი ანგარიშსწორების შიდა სალაროს, ე.წ. "ობშიაკის" ფულის მოპარვის ბრალდების გამო დასჯილი ადამიანები და საბოლოო ჯამში, რაღაც შეთანხმებამდე მისული. როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმ ხალხზე, რომლებმაც თითი გაიშვირეს სხვებისკენ და ვერ შეთანხმდნენ ვერც ღარიბაშვილთან და ვერც ლილუაშვილთან - ისინი აგრძელებენ პატიმრობას და შესაბამისად, მათ მიმართ არანაირი ცვლილებები არ არის. მაგრამ, საქართველოში არანაირი ანტიკორუფციული მექანიზმები არ ამუშავებულა, ანტიკორუფციული სამსახური, რეალურად არ ამუშავებულა: ქოლცენტრები როგორც იყო, ისე არის, კორუფციის მასშტაბი როგორც იყო, ისე არის. 90-იან წლებში ეს იყო ყოფით დონეზე, ვგულისხმობ, ხელში აღების თემას, ეს აღარ არის, იმიტომ, რომ კორუფციის ფორმები და მასშტაბები შეცვლილია, სულ სხვა მასშტაბზე და სულ სხვა დონეზეა გადასული, მაგრამ სახელმწიფო არის დატაცებული, მთელი რესურსი იპარება, უზარმაზარი შავი ფული შემოდის ქვეყანაში და ამას ვაკვირდებით და ახლა, ეს რაღაც შიდა პოლიტიკური ბრძოლების მონათვლა როგორც კორუფციასთან ბრძოლა არაფერი არ არის და ჩვენ ვხედავთ, ვინც კი თავისზე მაღლა მდგომს ჩაუშვებს, ის გარეთ გამოდის", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.