რაღაცას უკრძალავენ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ თავად ამას ყოველდღიურად აკეთებენ - პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, ქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე - იგინებიან, ილანძღებიან, ვიღაცებს კონკრეტულად ეძახიან აგენტებს და ეს ხომ ძალიან მძიმე ბრალდებაა?, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა მოქალაქეებს კიდევ ერთ მიზეზს მისცემს ქვეყნიდან წასვლის.

"ძალაუფლების ბერკეტები, ჩვენდა სამწუხაროდ, არასწორადაა, რაც უფრო მეტი ადამიანი არის ამ ბოროტების წინააღმდეგ, მით უფრო იმყარებენ ძალაუფლების ყველა ბერკეტს. ნაბიჯ-ნაბიჯ "ოცნება" გუდავს პროტესტს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი - ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ასობით ათასი ადამიანი ამ ქვეყნიდან არის წასული იმიტომ, რომ ვერ ხედავენ აქ თავს, ვერ ვითარდებიან, ვერ სუნთქავენ თავისუფლად, როგორც მოქალაქეები და ის მექანიზმი, რაც ახლა შეიძლება ამოქმედდეს, ვგულისხმობ აზრის გამოხატვის გამო პასუხისგებას, შეიძლება დამატებითი მიზეზი გახდეს. თუმცა, ეს "ოცნებისთვის" პრობლემა არაა, ჩვენ და ისინი წარმატებას სხვადასხვაგვარად ვხედავთ, ჩვენთვის წარმატება ისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის კარგი, მათთვის წარმატებაა, რაც კონკრეტულად მათთვის და რუსეთისთვისაა კარგი, საქართველოსთვის კი - ცუდი, შესაბამისად, ის, რაც ჩვენ მათი წარუმატებლობა გვგონია, რეალურად, მათი გადმოსახედიდან იმსახურებს ჯილდოს, მადლობას, დაწინაურებას და კორუფციულ გარიგებას, სავარაუდოდ.

რაც შეეხება მდინარაძის ინიციატივას, რაღაცას უკრძალავენ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ თავად ამას ყოველდღიურად აკეთებენ - პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, ქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე - იგინებიან, ილანძღებიან, ვიღაცებს კონკრეტულად ეძახიან აგენტებს და ეს ხომ ძალიან მძიმე ბრალდებაა? მათთვის ეს შეიძლება და მოქალაქეებს აზრის გამოხატვას უკრძალავენ, ეს არის ამის შინაარსი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.