საქართველოს რიგით მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს რწმენა იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არ არის დაუსრულებელი, ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი დაინგრა, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იგებს მხოლოდ და მხოლოდ აქტიური საზოგადოება.

"საქართველოს რიგით მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს რწმენა იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არ არის დაუსრულებელი, ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი დაინგრა. არ არსებობს დაუსრულებელი ტირანია, მაგრამ ამას სჭირდება ბრძოლა, მათ შორის პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების - ყველასი ერთად ვალია, რომ ეს ნიჰილიზმი, რაც საზოგადოებაშია, გადაალახინოს საზოგადოებას და გაუჩინოს ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი.

ის ყველაფერი, რასაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა გადის, არ არის მარტივი, მაგრამ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იგებს მხოლოდ და მხოლოდ აქტიური საზოგადოება, ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ეს ნიჰილიზმი საზოგადოებაში, ამის დაძლევის მთავარი გამოსავალი არ არის სასოწარკვეთა და უიმედობა, ან ბრძოლის გაჩერება, არამედ გაგრძელება, რადგან უმცირესობის ამბოხი მოქმედებს მდუმარე საზოგადოებაზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.