ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. საკითხების განხილვამდე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სათამაშო საბრძოლო ტანკები, თვითმფრინავები და ჯარისკაცები გადასცეს.

მათი თქმით, "ამ პერფორმანსით იმის თქმა სურთ, რომ "ნაცმოძრაობა" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება და ეს სათამაშოები შეუძლიათ შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ".

"ოცნების" პერფორმანსს "ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა.

"რით ერთობა "ქართული ოცნება", მე მქონდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში, ნოხზე ჰქონდათ ეს დაყრილი, ითამაშეს, შემდეგ მორჩათ, სხვათაშორის ქალბატონი ქეთი გაბრაზებულა, გავაგრძელოთ თამაში, რა დროს საკრებულოს სხდომააო, მოგვიტანა იმისთვის, რომ ჩვენც ვითამაშოთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა.