მივმართავ ძალოვნებს, თქვენ უნდა აირჩიოთ ვის მხარეს ხართ. გამარჯვებაც კი სხვანაირია, თუ ივანიშვილი თქვენი დახმარებით იმარჯვებს, ნიშნავს იმას, რომ მარცხდება საქართველო, მარცხდებიან თქვენი შვილები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რეჟიმი ბრძოლას შეწყვეტს, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.

"ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი უზურპატორი - ივანიშვილი. ყველამ კარგად იცის და მათ შორის კობახიძემაც, რომ არანაირი თანამდებობა არ გააჩნია, მაგრამ ყველა მას ემორჩილება - პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სუსის უფროსიც და უზიარებენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებზეც წესით, წვდომა არ უნდა ჰქონდეს. მე მივმართავ ძალოვნებს, აქეთ დგას ქართველი ხალხი, მეორე მხარეს დგას უზურპატორი ივანიშვილი. თქვენ უნდა აირჩიოთ  ვის მხარეს ხართ. გამარჯვებაც კი სხვანაირია, თუ ივანიშვილი თქვენი დახმარებით იმარჯვებს, ნიშნავს იმას, რომ მარცხდება საქართველო, მარცხდებიან თქვენი შვილები, მომავალი იკეტება და ჩვენ, ყველა ვრჩებით ივანიშვილის მსახურებად, ივანიშვილის მონებად.

ერთი ოპერაციით მოჰპარეს ქვეყანას ორი მილიარდი და ასეთ ადამიანებს როგორ ემსახურებით?! ამ ხალხს როგორ ემსახურებით?! როგორ შეიძლება, ივანიშვილის გამო ხელი აღმართოთ ხალხზე?!

ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, ეს ნიშნავს, რომ თავისუფლების იდეა დამარცხდება, მაგრამ თუ რეჟიმი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ გამარჯვებული იქნება ყველა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.