ამერიკის კონგრესში დემოკრატების გამარჯვებას საფონდო ბაზარზე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა - ამერიკული კომპანიების, ძირითადად კი ტექნოლოგიური სექტორის, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარით შემცირდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საფონდო ბაზარი პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მის დინამიკას ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს.

"ამერიკის კონგრესში დემოკრატების გამარჯვებას საფონდო ბაზარზე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა - ამერიკული კომპანიების, ძირითადად კი ტექნოლოგიური სექტორის, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

თუ ადრე უცხოეთის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების კლება ჩვენთვის მხოლოდ მშრალ სტატისტიკურ ინფორმაციას წარმოადგენდა, დღეს ის ჩვენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქისა და კომპანიის შემოსავლებს ეხება. მათ მიერ შეძენილი ამერიკული აქციების ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. ფიზიკური პირები ამ აქციებს ძირითადად თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციების მეშვეობით ყიდულობენ.

გარდა ამისა, საქართველოს საპენსიო ფონდსაც მნიშვნელოვანი თანხები აქვს განთავსებული ამერიკული კომპანიების აქციებში. ასე რომ, ის, რაც ადრე ჩვენ არ გვეხებოდა, ახლა პირდაპირი ინტერესის საგანი გახდა.
ვნახოთ, რეალურად რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ.

"ამერიკამ ისტორიაში უკან გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი. საფონდო ბაზარმაც კი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს რაკეტასავით იზრდებოდა, ერთ დღეში 3 ტრილიონი დოლარი დაკარგა“. ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია, რომელიც მან დემოკრატების საარჩევნო გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა. ტრამპმა საფონდო ბაზრის ვარდნაში პირდაპირ დემოკრატები დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილში, ტრამპის მიერ ფართომასშტაბიანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ამერიკულმა საფონდო ბაზარმა დაახლოებით 5–6 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა, ხოლო გლობალურმა ბაზარმა - 9 ტრილიონ დოლარზე მეტი. ამერიკული ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნა პიკურ მომენტში დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში იყო.

2026 წლის ნოემბერში, დემოკრატების კონგრესში გამარჯვების შემდეგ, ამერიკულმა ბაზარმა მართლაც დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნა დაახლოებით 3,5-5.5%-ის ფარგლებში იყო.

თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში ინვესტორების მთავარი შიში სავაჭრო ომის ესკალაციას, ინფლაციის ზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას უკავშირდებოდა.

მეორე შემთხვევაში კი ბაზრის რეაქცია ძირითადად დემოკრატების შესაძლო პოლიტიკურ გავლენას, ტექნოლოგიური სექტორის ზედმეტ რეგულირებასა და AI ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება.

აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: ორივე პარტიას ჰყავს თავისი რადიკალური ფრთა - რესპუბლიკელებს MAGA, დემოკრატებს კი ულტრამემარცხენე ფრთა, რომელთა წარმომადგენლებს ზოგჯერ სოციალისტებად, ზოგჯერ კი კომუნისტებადაც კი მოიხსენიებენ. თუმცა განსხვავება არსებითია: MAGA დღეს რესპუბლიკური პარტიის დომინანტური ძალაა, მაშინ როდესაც რადიკალი მემარცხენეები დემოკრატიულ პარტიაში ასეთ გავლენას არ ფლობენ.

ამიტომ დემოკრატების გამარჯვებით გამოწვეული საბაზრო შიშები გადაჭარბებულად გამოიყურება. რისკები რეალურია, მაგრამ რადიკალური ფრთის რიტორიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავს.

AI სექტორის კორექცია არჩევნების გარეშეც მოსალოდნელი იყო. უზარმაზარი კაპიტალური დანახარჯები, მაღალი საბაზრო შეფასებები და ინვესტიციებიდან უკუგების გაურკვევლობა უკვე ქმნიდა კორექციის წინაპირობებს.

არჩევნების შედეგი შესაძლოა, დამატებითი ნეგატიური კატალიზატორი აღმოჩნდა, მაგრამ დროში თანხვედრა ავტომატურად მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ნიშნავს.

რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

მოკლევადიან პერიოდში ტექნოლოგიურ და AI სექტორებში მერყეობა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ეტაპობრივად მოსალოდნელია ბაზრის აღდგენა, თუმცა AI სექტორის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, შენელდება. ინვესტორები უფრო ფრთხილად შეაფასებენ კომპანიების საბაზრო ღირებულებას და მეტ ყურადღებას დაუთმობენ რეალურ შემოსავლებს, მოგებიანობას და ინვესტიციებზე უკუგებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში AI სექტორს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველა კომპანია დღევანდელ მაღალ საბაზრო შეფასებას ვერ გაამართლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზარი ეიფორიიდან უფრო რაციონალურ შეფასებაზე გადადის.

ტრამპის ტარიფებმაც და დემოკრატების გამარჯვებამაც ინვესტორებში შიშები გააჩინა, თუმცა ბაზრის ვარდნის პოლიტიკურ ოპონენტებზე გადაბრალება მარტივი პოლიტიკური სპეკულაციაა. 

საბოლოოდ, საფონდო ბაზარი პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მის დინამიკას ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს. ის რისკებს, მოლოდინებსა და მომავალ შემოსავლებს აფასებს", - აცხადებს გოცირიძე.