შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.