ევროკავშირის კარის ჩაკეტვის შემდეგ იგივე ხდება ნატოში. ეს უზარმაზარი რისკის შემცველია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ნატოს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის  დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა ქვეყნის ალიანსში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ეს ნაწილი ამოღებული იქნა, მაგრამ დარჩა ისეთი ფორმულირებები, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს უსვამდა ხაზს.

ვაშინგტონის 2024 წლის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი მთლიანად გაქრა, ისევე როგორც მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერი და იგი მოხსენიებულია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან.

ივანიშვილის დამნაშავე, მოღალატე  რეჟიმი ქვეყანას მომავალს უკარგავს. ევროკავშირის კარის ჩაკეტვის შემდეგ იგივე ხდება ნატოში. ეს უზარმაზარი რისკის შემცველია ქვეყნისთვის", - აცხადებს გოცირიძე.

ნატოს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული".