პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ზურაბიშვილი უკვე შეხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელს ეკა გიგაურს, ასევე ეკა ბესელიას.

შეხვედრაზე მივიდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც.

"ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ცხადია, ყოფილი პროკურორის სანქცირება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ასევე, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კორუფციის ფაქტები და ევროკავშირთან ინტეგრაცია ასევე მნიშვნელოვანია, რასთან დაკავშირებითაც, ცხადია, პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატში საუბარს ვისურვებდი", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირაში უკვე შეხვდა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანი წითლიძეს,  "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას.