პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე 24 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია.

"ჩვენ ვიბარებთ მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმისთვის, რომ გასცეს კითხვებს პასუხები - თუ რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში, რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს; სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში გვესაუბრებოდა?

პრემიერი უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე და მოგვახსენოს, რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას", - განაცხადეს დეპუტატებმა.