ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირის მსხვილ სახელმწიფოებს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ევროდეპუტატი "ტვ პირველთან" ინტერვიუში საუბრობს.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად ჰგავს იმ მოვლენებს, რომლებიც სხვა ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ვითარდება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან შეუთავსებელია. მისი შეფასებით, ევროკავშირმა უკვე არაერთხელ გააკეთა მკაფიო კრიტიკული შეფასება საქართველოს მიმართ, თუმცა რიგი მსხვილი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესება ჭიანურდება, რაც დემოკრატიული უკუსვლის ფონზე დამატებით რისკებს ქმნის.

"ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ სერბეთში ვიყავი, სადაც ადამიანები უკვე თითქმის ერთი წელია ქუჩაში დგანან, სტუდენტები, ახალგაზრდები ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ დგანან. ყველაფერი ისე ჰგავს ერთმანეთს. რასაც სერბეთის მთავრობა აკეთებს, იმავეს აკეთებს ივანიშვილის გუნდი საქართველოში. ერთი ერთში. ორივე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ორივეს ერთნაირი მეგობრები ჰყავს ორბანი და ემეგობრებიან ერთმანეთს. ავტოკრატები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. 

ევროპარლამენტმა დასაწყისშივე დააყენა სანქციების მოთხოვნა. ძალიან ღია ვიქნები. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიმართ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ სანქციები არ დააწესეს. ისინი აგვიანებენ. ნეტა იღებენ გადაწყვეტილებებს. ქართველები დემოკრატიულობის სტატუსს კარგავენ. საფრანგეთისგან მეტს ველოდები, რადგან ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. 

ევროკავშირის არასდროს ჰქონია ასეთი ცუდი შეფასება კანდიდატი ქვეყნის მიმართ, როგორიც ჰქონდა საქართველოზე. ეს ძალიან სწორი და თან საშინელი შეფასება იყო. ეს დიდი სიგნალია ქართველი ხალხისთვის, როგორი ავტორიტარული რეჟიმი ჰყავთ. რა თქმა უნდა, ხალხი დეზინფორმაციის და მანიპულაციის მძევლები არიან. "ქართული ოცნება" ხალხს ატყუებდა, რომ მათ ევროკავშირის წევრობა სურდათ, მაგრამ ეს ასე არაა, სულ მცირე, ეს ივანიშვილს არ სურდა. ეს არის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, სპეციალური ოპერაცია ჩატარდა ხალხის წინააღმდეგ. ახლა კი ისინი გრძელვადიანი მანიპულაციის მსხვერპლნი არიან", - აცხადებს ევროპარლამენტარი.