ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინე, რომელიც არის ზოგადი, პოლიტიკური. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს ყველა მტკიცებულება და სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანოს.

„ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინე, რომელიც არის ზოგადი, პოლიტიკური. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს. არის თუ არა პაატა მანჯგალაძე ძალადობის ორგანიზატორი და ამ ორგანიზების მტკიცებულებები არსებობს თუ არა საქმეში, ეს არის მთავარი. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს პაატა ან არ მოსწონს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.  იმ „ამიკუსში“, რომელიც მე წარვადგინე სასამართლოში, წერია ასეთი რამ – საქმე რომელიც შევისწავლეთ, მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება, იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე. ასეთი მტკიცებულება ვერ ვნახეთ საქმეში და იმიტომ ვთქვით, რომ სასამართლომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება.

ჩვენი აზრით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება მას არ ჩაუდენია. სასამართლო რა დასკვნამდე მივა, არ მინდა ამაზე წინასწარ საუბარი და არ არის ჩემთვის ცნობილი. თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა მტკიცებულება შეფასდეს, ყველა მტკიცებულება იყოს გამოკვლეული და ამაზე  დადგეს განაჩენი. ეს არის მძიმე მუხლი, ადამიანს ემუქრება ცხრა წლამდე პატიმრობა და  მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, და არამარტო ამ შემთხვევაში, ყველა სხვა შემთხვევაში მტკიცებულებით იყოს გამყარებული განაჩენი“, – განაცხადა იოსელიანმა.