ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ალტერნატივის შემუშავების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მთავრობას ხალხისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ექნება პასუხი, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"ჩვენ ამჟამად ალტერნატივის ფორმირების პროცესში ვართ. ამ კითხვას ჩვენს ხალხს ახლა ვერ დავუსვამთ. ამისთვის სომხეთმა, სულ მცირე, უნდა მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით ან ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ რეფერენდუმის ჩატარება ლოგიკური და აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრობლემა გახდა ის, რომ სომხეთმა გადაწყვიტა, ალტერნატივა ჰქონოდა.

მისივე თქმით, დღეს სომხეთს სტრატეგიული ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან, მაშინ როცა ადრე მას არ ჰქონდა ან არ შეეძლო ასეთი სტრატეგიული ურთიერთობების ქონა ამდენ პარტნიორთან.

"რუსეთის პოზიცია ასეთია: ან ექსკლუზიური ურთიერთობები, ან ისინი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიდგომას და ვამბობთ, რომ ურთიერთობები არ არის ექსკლუზიური, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს ლეგიტიმური პოზიციაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერმა ისაუბრა იმის შესახებ, არის თუ არა სომხეთი რუსეთის კარგი ან ცუდი პარტნიორი.

"რით იყო სომხეთი ცუდი პარტნიორი 2022 წელს, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღში არ შეასრულეს თავისი ვალდებულებები? ვის რა დაუშავა სომხეთმა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, ვის სჭირდება სომხეთიო?. როგორ შეიძლება ამის თქმა სუვერენულ ქვეყანაზე? და ახლა ჩვენ ვაჩვენებთ, ვის სჭირდება სომხეთი. სომხეთი სჭირდება ჩინეთს, აშშ-ს, ირანს, ევროკავშირს, საქართველოს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ყველა ეს პარტნიორი გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.