პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი სტუდენტი ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, თუმცა ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ შეუშვეს.

"ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი [დროშით] ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა, ყველაფერი გაპროტესტებულია", - ამბობს თსუ-ს სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი თსუ-ში დაცვის თანხლებით მივიდა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის პროტესტი არც კი შეუმჩნევია.

"უნივერსიტეტი არ არის "TV პირველის" და "მთავარის" ადგილი და "ნაცმოძრაობის" ადგილი", - ასე პასუხობს კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს სტუდენტი ლექციაზე.

"ქართული ოცნების" პარტაქტივი კი იმ ადამიანებს გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომლებიც დღეს დილიდან პროტესტით ხვდებოდნენ პრემიერს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სტუდენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.