საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია. შემოგვიერთდით - გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!, - ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

ალიანსის განცხადებით, თავისუფლებისთვის რეჟიმის დემონტაჟია საჭირო.

“9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გმირული თავგანწირვით და ბრძოლით დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დაასრულეს საბჭოთა ოკუპაცია.

ამ დღის შემდეგ გადატყდა საბოლოოდ კომუნისტური პარტია საქართველოში და დაიწყო მზადება ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად.

და საბოლოოდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს 3.3 მილიონმა მოქალაქემ ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით გადაწყდა საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა 35 წლის წინ და ქართველი ხალხის ერთსულოვანმა ნებამ უნდა გადაარჩინოს დამოუკიდებლობა ოლიგარქი ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან - ახლა!

საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება, თუ ის სრულად დაუცველი, მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ. თავისუფლების და მშვიდობის დასაცავად სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში მოაქცია.

სწორედ ამიტომ, ალიანსი მასშტაბურ შეკრებას ვაანონსებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რათა 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის მსგავსად, დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ეროვნული მობილიზაციის პროცესი დავიწყოთ, რომელიც საბოლოოდ წააქცევს მოღალატე რეჟიმს და დააბრუნებს ქვეყანას განვითარების ისტორიულ გზაზე.

შემოგვიერთდით - გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“, - აღნიშნულია განცხადებაში.