ცდილობენ, დააშინონ ყველა ის აქტიური ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ამ ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მთელი კასკადებისა, აპროტესტებს ამ რეჟიმის არსებობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გელა ხასაიას სამართალდამცველები პირდაპირ და ღიად ემუქრებოდნენ დაკავებით, თუმცა ის პროტესტს არ წყვეტდა.

"ცდილობენ, დააშინონ ყველა ის აქტიური ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ამ ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მთელი კასკადებისა, აპროტესტებს ამ რეჟიმის არსებობას, აპროტესტებს დემოკრატიული აღიარების არმქონე ადამიანების ყოფნას "ხელისუფლებაში" და აპროტესტებს ყველაფერ იმას, რა უბედურებაც გადავიტანეთ, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ასე შემდეგ.

გელა იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელსაც პოლიციელები პირდაპირ ემუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის მუხლით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აქტივისტმა გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, მას 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.