საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, სავარაუდოდ, დასაჭერთა მოწინავე სიაში არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ.

"მე ალბათ, დასაჭერთა მოწინავე სიაში არ ვიქნები. ამ ეტაპზე ისინი უფრო მეტად პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ საზოგადოებისთვის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური პარტიები ნამდვილად დაქსაქსულია. თუმცა, გეტყვით, რომ ვერაფერს გამორიცხავ. ცხადია, რომ ამ სტრატეგიაში წითელი ხაზი არ არსებობს, არ მეთანხმებით?" - განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy-თან ინტერვიუში.

ზურაბიშვილი ინტერვიუში ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარებზე საუბრობს.

"ჩვენთვის მხოლოდ ორი სცენარია ცნობილი: არჩევნები, დიახ და ქუჩის საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე არ მიხვალ. მეორე ალტერნატივა არის აჯანყების რაიმე სხვა ფორმა, რაც საქართველოს ტრადიციებში არაა.

წინააღმდეგობა უნდა იყოს. და ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან. თუმცა იგულისხმება არსებითად მორალური მხარდაჭერა, რადგან კიდევ რა შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს დღეს გააკეთონ? ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებით და რბილი ძალით.

ჩემი აზრით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ რუსეთი ტესტავს რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. მათ აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, ნაზავია - ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ ფული იმისთვის, რომ ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.