პარტია "ახალის" წევრს ცოტნე მირცხულავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მირცხულავას თქმით, პროცესი სამშაბათს ჩაინიშნა და მაშინ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

"მითხრეს, რომ სამშაბათს ჩაინიშნება პროცესი, მოლოდინი დღევანდელი მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივია, რაც დანერგა “ქართულმა ოცნებამ“ და რა ტენდენციაც შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფრის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი და მიზანი არის ის, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ და იქამდე ვაპირებ ბრძოლას, სანამ არ გავიმარჯვებთ. არ ვიცი, მოლოდინი და რეალობა ყოველთვის აცდენილია ერთმანეთთან და მიზანი შედეგს არ ამართლებს. დაველოდები, პროკურატურის შუამდგომლობა რა იქნება, როგორ იქნება და იქიდან გამომდინარე, მივიღებ ჩემთვის პრაგმატულ და გონივრულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მირცხულავამ.

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა – გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველის ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.