ადამიანს დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, ის სათანადო განაჩენით უნდა დაუმტკიცდეს და არა ორსიტყვიანი ჩანაწერით. გვაინტერესებს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძეს აგენტის იარლიყი მიეწება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ოთარ ფარცხალაძე, 9-10 წელია, არ არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, არ არის ხელისუფლებაში, არ უკავია თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენგან ადამიანის პიროვნული თვისებების შეფასება უბრალოდ არასწორია. ის არ არის ხელისუფლების ნაწილი, თანამდებობის პირი, ამიტომ ჩვენ ამაში არ შევდივართ, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ოთარ ფარცხალაძესთან, მათ შორის, გვაინტერესებს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მას აგენტის იარლიყი მიეწება. მტკიცებულება არის საჭირო, რადგან ის არის საქართველოს მოქალაქე და თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, დანაშაული სათანადო განაჩენით უნდა დაუმტკიცდეს და არა – ორსიტყვიანი ჩანაწერით. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტში წერია, რომ ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე. პოლიტიკაზე შეიძლება, ისე მოახდინო გავლენა, რომ ეს არ ჩანდეს, მაგრამ იქ წერია, რომ ფარცხალაძე გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე. ასეთ არასერიოზულ ჩანაწერს რომ შეიტან, დანარჩენის სერიოზულობაზე როგორ შეიძლება, ვისაუბროთ? გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გამოცდილება მოსამართლეებთან დაკავშირებით, ის არ იყო სანქცია, მაგრამ იყო სავიზო შეზღუდვა. გახსოვთ, ამის შემდეგ კელი დეგნანი გამოვიდა და თქვა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, პრაქტიკულად აღიარა, რომ მტკიცებულებების გარეშე გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენ თვითონ შეისწავლეთო და არ მესმის, ეგ რა დამოკიდებულებაა. სავიზო შეზღუდვაც ხომ დე ფაქტო სანქციასავით არის და თუ ადამიანს შეზღუდვას უწესებ ისე, რომ მტკიცებულება არ გაქვს, ეს არაფერში ჯდება, მართლა გაუგებარი მიდგომაა.

თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია, რუსეთის მოქალაქეა. ახლაც არ ვიცი მოქალაქეობის შესახებ, მართლა არ ვიყავი ინფორმირებული. საქართველოს მოქალაქე რომ არის, ეს ყველამ იცის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერავინ შეაშინებს.

"ბიძინა ივანიშვილს ვერავინ შეაშინებს სანქციებით, მით უმეტეს, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები მოქმედებს, ორი მილიარდი დოლარის აქტივები აქვს გაყინული შვეიცარიაში, მეტი რა სანქცია უნდა დაუწესონ? ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დააშანტაჟებს ასეთი ქმედებებით, ვერც ფორმალური, ვერც არაფორმალური სანქციებით და ვერავინ აიძულებს, ის ნაბიჯი გადაადგმევინონ, რომელიც ქვეყანას უბრალოდ გაანადგურებს, გაწირავს განადგურებისთვის, უკრაინიზაციისთვის. ამ ნაბიჯს ბიძინა ივანიშვილს ვერავინ გადაადგმევინებს, ვერავითარი სანქციებისა და შანტაჟის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.