თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული ქვეყანა, აკრძალოთ ოპოზიციური პარტიები, გააგდოთ ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციები, არ დაიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფალი მედია, გეუბნებით პირდაპირ და მკაფიოდ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, შეჯიბრია, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად.

"გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საქმე გეხებათ თქვენ და თქვენი შვილების მომავალს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ თქვენ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ეს არის მთავარი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამიტომ, თქვენც უნდა სცეთ პატივი იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე. ესენია თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული ქვეყანა, თუ გადაწყვეტთ, რომ აკრძალოთ ოპოზიციური პარტიები, გააგდოთ ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციები, არ დაიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფალი მედია, მაშინ მე გეუბნებით პირდაპირ და მკაფიოდ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.