გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ამასთანავე, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენ ხელთ არსებული განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ველოდებით არჩევნების დღეს. ვნახავთ, როგორ ჩატარდება არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამასთანავე, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენ ხელთ არსებული განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, წარსულში მსგავსი მაგალითები არსებობდა.

„არჩევნები როდესაც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ დაეწესებინა განსხვავებული ზომები, მათ შორის სანქციები. სანქციების შემოღება მარტივი არ არის, რადგან ამას სრული თანხმობა სჭირდება. მაგრამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ სჭირდება ყველა წევრის თანხმობა. ევროკავშირის და ევროკომისიის ვალდებულებაა, დააკვირდეს ყველა გარემოებას, რისი მიხედვითაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეთანხმდა: ესენია თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. თუ ეს პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა ეს შეთანხმება, არ არის დაცული, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. არავის სურს ჩვეულებრივი ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს რეაგირება, საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.