სამწუხაროდ, ევროკავშირის და ნატოს კიდევ ერთ ქვეყანასთან უაღრესად გაგვიფუჭდა ურთიერთობა, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ქართველებს ხომ გვიყვარს პირველობა საერთოდ და ეს ერთი ისეთი შემთხვევაა, რომელიც გინესის წიგნში შესვლის ღირსია, ასეთი პრაქტიკა მე ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ეს თავისთავად მარტო ჯარიმა არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის და ნატოს კიდევ ერთ ქვეყანასთან უაღრესად გაგვიფუჭდა ურთიერთობა.

ბატონი ირაკლი კობახიძე რომ წაჰყოლოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გამყოფ ხაზთან, მას ექნებოდა დაახლოებით სამი საათი ურთიერთობებისთვის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეს მისცემდა მას კარგ საშუალებას, რომ გამოესწორებინა ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.