საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კარტელური შეთანხმება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება, ვხედავთ, რომ საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი კვლავ უცვლელია მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი ისევ ძვირდება. საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მყისიერად, მეორე დღესვე აძვირებენ როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასს, ხოლო, როცა საპირისპირო ხდება და მცირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი, შემცირებულია ნედლი ნავთობის ფასიც, ერთი ბარელი, დაახლოებით 20%-ით შემცირდა ბოლო 1 თვეში, ვხედავთ, რომ საქართველოში არანაირად არ აისახება ნავთობიმპორტიორი კომპანიების სარეალიზაციო ფასზე, უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურებზე. ამას ისინი ხსნიან იმით, რომ მათ აქვთ თურმე მარაგები და ამ მარაგების ამოწურვამდე ფასს ვერ გააიაფებენ -  ეს არის ტყუილი. როგორც მყისიერად აძვირებენ, ისე მყისიერად უნდა გაიაფდეს გაიაფების შემთხვევაში.

დუმს ხელისუფლება, არცერთი განცხადება არცერთი კითხვა, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ეკონომიკურ გუნდში, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ არის, მხოლოდ დაკვირვებით და ზედაპირული შეფასებით არის შემოფარგლული.  ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კარტელური შეთანხმება", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.