უკრაინამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შვედური Gripen E გამანადგურებლების შესყიდვის შესახებ. კიევი ასევე მიიღებს აღჭურვილობას და ტექნიკურ მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"შვედეთთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის საბრძოლო ავიაციის გაძლიერებას. დღეს ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 16 Gripen E გამანადგურებლის შეძენის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ თვითმფრინავებს თან ახლავს შესაბამისი აღჭურვილობის, ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერის პაკეტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წინასწარი შეთანხმებების თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალები პირველ 16 Gripen C/D თვითმფრინავს 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროების გუნდებმა, შვედეთის თავდაცვის მატერიალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციასთან (FMV) ერთად, ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარეს.

მისივე თქმით, უკრაინასა და შვედეთს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად თანამშრომლობის რამდენიმე სფერო აქვთ: ოპერატიული. პირველი 16 Gripen C/D გამანადგურებლის 2027 წლის დასაწყისში მიღება ხელს შეუწყობს პლატფორმის უფრო სწრაფ ინტეგრაციას, პილოტების და ტექნიკური მომზადების, ინფრასტრუქტურის ადაპტაციისა და საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას. სტრატეგიული. უკრაინა ევროკავშირის დაფინანსებითა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით 16 Gripen E გამანადგურებელს შეიძენს. ამ გამანადგურებლების მიწოდება 2029 წლის დასაწყისში დაიწყება.

„თვითმფრინავების გარდა, უკრაინა მიიღებს საჭირო აღჭურვილობას, ლოგისტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. უკრაინელი პილოტები და ტექნიკური პერსონალი უკვე გადიან სწავლებას შვედეთში“, - განაცხადა ფედოროვმა.