"ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მის მიერ შექმნილი სანქცირების ჯგუფი სექტორულად მუშაობს და საქართველოდან კი მათი ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე ივანიშვილის გარემოცვის მხოლოდ 6 წევრი მოხვდა:

"...ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი.... ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას, ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რადგან ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან, არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ, ვაძლევთ შანსს, რომ ვითარება გამოასწორონ. ვეუბნებით, რომ გხედავთ და ნუ გააგრძელებთ ამის კეთებას, თორემ სანქციები იქნება ამერიკიდან, ევროპიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.

ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენს მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით", - განაცხადა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

არახამია საქართველოში, სასამართლო კლანის წევრების დასანქცირებაზეც საუბრობს. მისი თქმით, როცა აშშ-ის სახდეპმა სანცირების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, იმედი ჰქონდა, რომ საქართველოშიც იგივე მოხდებოდა.

"გეტყვით უკრაინის მაგალითზე. დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენთან ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე დაასანქცირეს. მეორე დღესვე პარლამენტი შეიკრიბა, ეს სასამართლო დახურა და მოსამართლე დაითხოვა. როდესაც გავიგე, რომ ქართველი მოსამართლეებიც დაასანქცირეს, მეგონა იგივე მოხდებდა. მაგრამ მართლა შოკში ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ პარტიის ლიდერშიფი გადაეფარა ამ მოსამართლეებს, პრემიერი მივიდა მათთან და უთხრა, რომ დაიცავს. ვფიქრობ, რომ იქნება დამატებითი სანქციები ამ დამნაშავე ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ", - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, ადამიანებისთვის "მოგზაურობის აკრძალვა პირველი და მარტივი სიგნალია ქვეყნისთვის, რომ რეალური პრობლემები აქვს".

"ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმია შენს შვილებს კოლუმბიაში, პენსილვანიასი, იელში აძლევდე განათლებას და ქართველ ხალხს ამის საშუალებას უსპობდე. თუ ასე ძალიან გინდა რუსეთში, მოსკოვში გაუშვით თქვენი შვილები", - განაცხადა არახამიამ.