ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“აბა, ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს. 

"ინფორმაციის თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.