ვიზალიბერალიზაციას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რაზეც დგას ევროკავშირი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნები ბოლო ერთ წელში განსაკუთრებით დაარღვია.

"ვიზალიბერალიზაციას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოიშალა, დაახლოებით 2-3 წლის, განსაკუთრებით, 2 წლის განმავლობაში და პრაქტიკულად, საქართველომ დაკარგა შესაბამისობა. ეს პრივილეგია მივიღეთ, როგორც ასოცირებულმა ქვეყანამ, მაგრამ გარდა ამისა, პოლიტიკური კომპონენტია ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის შესაბამისობაშიც თუ არაა ქვეყანა, ის კარგავს უვიზო რეჟიმს. 

ამ რეკომენდაციების პირველ პუნქტში საუბარია ადამიანის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და ამის გარანტიებია საჭირო, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებია, რომელიც კატეგორიულად და კატასტროფულად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წელში და განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში. ეს საკითხები შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან და ვინც ამბობს, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია უვიზო რეჟიმის დარჩენა ქვეყანაში, ან ზოგადად ევროინტეგრაცია, ის უბრალოდ მანიპულირებს და იტყუება. ხელისუფლება იტყუება. ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რაზეც დგას ევროკავშირი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.