ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველო" დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს.

პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ანთაძე. თანადამფუძნებლები და მრჩევლები - ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძეა, ხოლო წევრები ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია საქართველო რეგიონის ლიდერად აქციონ, ხოლო საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს.

"ეს დღე მოიტანა იმ პროცესებმა, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. ამ დღემ დაბადა და წარმოქმნა საჭიროება ცვლილებებისა და სწორედ ის ფორმალური აქტი, რასაც დღეს ადგილი ექნება, ამ ცვლილებებისადმი, ამ მოლოდინებისადმი გადადგმული ნაბიჯია. ამდენად, ხშირად მითქვამს ჩემს კოლეგებთან ერთად, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მხოლოდ ოპოზიციური პარტია, მეტზე გვაქვს განაცხადი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.