ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების" მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მსჯელობენ საქართველოში პოტენციური შემდგომი ზომების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მართალია, წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დისკუსიები გრძელდება.

"ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ ქვეყანაში.

მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი.

წევრი ქვეყნები მსჯელობენ საქართველოში პოტენციური შემდგომი ზომების შესახებ. მართალია, წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დისკუსიები გრძელდება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება წევრი ქვეყნების მიერ საბჭოში", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საპასუხოდ. 

ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს 2025 წლის 22 სექტემბერს მიმართეს.