ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ დავძლევთ 5 წელიწადში ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში. ამიტომ გავერთიანდით დღეს ჩვენ, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზნების მისაღწევად ამოცანებია შესასრულებელი.

"მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი დაახლოებით 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ახლა ეღობება ამას არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას. ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი და  ისტორიული ამოცანა. ამის მიღწევისთვის არის გასაკეთებელი - პირველი, მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს; მეორე - ხმების დაცვა და ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თვის ყულაბაში.  მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ ამოცანას და ამ ამოცანას ჩვენ შევასრულებთ. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ დავძლევთ 5 წელიწადში ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში. მჯერა, რომ ეს არის არა მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა, პოლიტიკოსების,  არამედ ვგულისხმობ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია აასრულოს მართლაც ისტორიული ოცნება ყველა წინა თაობების. ამიტომ გავერთიანდით დღეს ჩვენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტია "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. ალიანსი არჩევნებზე 4 ნომრით იქნება წარმოდგენილი, სახელზე კი ჯერჯერობით მსჯელობენ.