ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

ამ დრომდე 7 მაღაროელი შიმშილობს, მათ შორის ერთი საპატიმროში. სამს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და ორი მშრალ შიმშილობას აცხადებს. 

მოშიმშილე მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია - ისინი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მე-19 დღეა, ვშიმშილობთ პროტესტის მონაწილეები, ვითხოვთ, რომ ჩვენი დაკავებული მეგობრები გაათავისუფლონ, მაგრამ ჯერჯერობით არც სახელმწიფოს მხრიდან და არც კომპანიის მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ. 

ჩვენ რამდენიმეჯერ მივიღეთ პირობა, რომ გადაიხედებოდა მათი საქმეები, მაგრამ არაფერი საიმედო ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის.

ჩვენ პროტესტის პირველივე დღიდან სახელმწიფოს ჩართულობას ვითხოვდით, რათა სახელმწიფო ყოფილიყო გარანტი, რომ კომპანია, როგორც დაზარალებულ მოსახლეობას, ისე დასაქმებულებს კეთილსინდისიერად მოექცეოდა, მაგრამ ამ წუთამდეც არ ყოფილა მათგან გამოხმაურება და დეზინფორმაციით ცდილობენ ჩვენს გაშავებას და პროტესტის ჩახშობას", - განაცხადა ჯანო ლაბაძემ.

29 აპრილს ჭიათურის 4 მაღაროელი დააკავეს. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება ედებათ ბრალად, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.